მედიკამენტების რეკორდულად მაღალი ფასი ქართულ ბაზარზე - თემა, რომელიც წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება. "კურიერმა" ექსპერიმენტი ჩაატარა და გაირკვა, რომ ერთი და იმავე შემადგენლობის პრეპარატის ფასი სხვადასხვა აფთიაქში განსხვავებულია. ამასთან, საქართველოში წარმოებული იგივე პრეპარატი ევროპულზე 3-ჯერ ძვირია.
ფასები მედიკამენტების თითქმის ყველა ჯგუფზე გაიზარდა. 2019 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეული ხარჯები მოსახლეობას საშუალოდ 3,9%-ით გაეზარდა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიები 2011 წლიდან ყველა საგადასახადო ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ. ამ რეგულაციის მიუხედავად, მედიკამენტების ფასები ამ დრომდე დაუბალანსებელია. წამლის ფასებზე ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მედიკამენტების ფასების დარეგულირების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზარი ძირეულად არის მოსაწესრიგებელი. ექსპერტებს მეზობელი სახელმწიფოების მაგალითები მოჰყავთ და აღნიშნავენ, რომ ანალოგიური წამლები რეგიონის სხვა ქვეყნებში მინიმუმ 2-ჯერ უფრო იაფია.
პრობლემა ცნობილია ჯანდაცვის სამინისტროსთვისაც. მინისტრის პირველი მოადგილე არ უარყოფს, რომ ეს საკითხი რთულად მოსაგვარებელია. უწყებაში კონკრეტულ გეგმებზეც საუბრობენ, თუმცა, რამდენად მოკლე დროში მოგვარდება პრობლემა, უცნობია.
ის, რომ წამლები მოსახლეობისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია, "ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ბოლო კვლევითაც დასტურდება. NDI-ს მიერ დასმულ კითხვაზე - რომელია ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხულთა უმეტესობა პასუხად სწორედ მედიკამენტებზე არსებულ მაღალ ფასს ასახელებს.