რუსთავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები, რომლებიც იმ მე-6 კლასელი გოგონას სხვა სკოლაში გადაყვანას ითხოვენ, რომელსაც ამავე სკოლის პედაგოგი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, აცხადებენ, რომ სკოლის დირექტორი მათ კვირის ბოლომდე გოგონას გარიცხვას შეჰპირდა.
ერთ-ერთი მშობლის თქმით, გოგონას წინააღმდეგ საბუთებს აგროვებენ, რომ მისი სკოლიდან გარიცხვა რაც შეიძლება მალე მოხდეს. მშობელი აცხადებს, რომ თუ კვირის ბოლოს გოგონას სკოლიდან არ გარიცხავენ, სხვა ზომებს მიიღებენ.
სკოლის დირექტორი მოსწავლეთა პროტესტს მიუღებელს და დაუშვებელს უწოდებს. მისი თქმით, მასწავლებლის კიბიდან დაგორების მომენტი სკოლაში არსებულ კამერებს არ დაუფიქსირებია. დირექტორი ამბობს, რომ მე-6 კლასელი მოსწავლის გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ დადგება.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეები და მშობლები იმ მე-6 კლასელი გოგონას სხვა სკოლაში გადაყვანას ითხოვენ, რომელსაც ამავე სკოლის მუსიკის პედაგოგი ფიზიკურ ძალადობასა და ბულინგში ადანაშაულებს. მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, რომ მე-6 კლასელი გოგონას გამო თავიანთი შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ.
თავის მხრივ, მე-6 კლასელი გოგონას დედა ბრალდებებს უარყოფს და ძალადობაში მუსიკის მასწავლებელს ადანაშაულებს. მშობელი აცხადებს, რომ შვილის სხვა სკოლაში გადაყვანას არ აპირებს.