სად გააგრძელებს სწავლას მეექვსე კლასის მოსწავლე გოგონა, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებენ? - პროტესტი რუსთავში გრძელდება, არასრულწლოვნის დედა კი ბავშვის სკოლიდან გადაყვანას არ აპირებს. მშობელი სასწავლო დაწესებულებაში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას სკოლის ყოფილ დირექტორს აკისრებს.
მოსწავლე, რომელსაც მუსიკის პედაგოგი კიბიდან დაგორებაში ადანაშაულებენ, დღეს სასწავლო პროცესს აღარ დასწრებია.
რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს 11 წლის მოზარდის მშობელი. მაია დემეტრაშვილი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ მის შვილს სკოლაში მომხდარ ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, ინციდენტიც და დღეს სასწავლო პროცესის ჩაშლის მცდელობაც სკოლის ყოფილი დირექტორის ინტერესებს უკავშირდება.
"ჩემს შვილს ნამდვილად არ უკრია ხელი. მისი შვილი და რძალი მუშაობს რუსთავის საავადმყოფოში და რასაც უნდათ იმ სიცრუეს ჩააწერინებენ. შემოწმდეს ბავშვი ექსპერტიზით. არსენა ძალადობდა, ასე მოიყვანდა მშობლებს, ყოველთვის ძალადობდა, ბავშვის რეპუტაციას და ავტორიტეტს ლახავდა ყოველთვის, მოიყვანა მშობლები და იქ აყვირებინა და აწივლებინა," - განაცხადა მე-6 კლასელის დედამ, მაია დემეტრაშვილმა.
თავის მხრივ ბრალდებებს უარყოფს სკოლის ყოფილი დირექტორი არსენ დემეტრაშვილიც. მე-6 კლასელის დედის ბრალდებებს არსენ დემეტრაშვილი აბსურდულს უწოდებს.
"აბსურდული არის ეს ბრალდება, სწავლა 2 კვირაა დაიწყო და მშობლების აღშფოთება მოჰყვა ფაქტს, როდესაც გვაქვს ასეთი ფაქტი, რომ პედაგოგი კიბეებზე დააგორა, როგორც თავად პედაგოგი აცხადებს ხელი ჰკრა მოსწავლემ და ამას მოჰყვა მშობლების აღშფოთება. უბრალოდ ეს ამ მშობლის სტილია, როდესაც რამე საკითხზე პრობლემა დგას," - განაცხადა არსენ დემეტრაშვილმა.
ინციდენტი რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების დროს მოხდა. სკოლის მოსწავლეების მშობლები ძალადობაში დადანაშაულებული მე-6 კლასელის დედას დაუპირისპირდნენ.