ყიფშიძის ქუჩაზე ორი მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილებიდან ერთ-ერთს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. დაშავებულებს დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენეს. დაახლოებით 3 საათია ორი მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის განმარტებით, ერთ-ერთს დაზიანება მუცლის ქვედა კიდურისა და ზურგის არეში სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც ექიმი აცხადებს, მისთვის ჭრილობების სიცოცხლესთან შეუსაბამო არ არის, თუმცა ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
რაც შეეხება მეორე დაჭრილ მამაკაცს, ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია და რამდენიმე საათში შესაძლოა საავადმყოფოდან გაწერონ.
"ორი მამაკაცია შემოყვანილი. ერთს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში. მე შემიძლია გითხრათ, რომ არის ბასრი საგნით მიყენებული და ცივი იარაღია თუ რა, მე ახლა ექსპერტი არ ვარ. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მეორე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ზედაპირული ჭრილობა აქვს ქვედა კიდურის არეში, იმყოფება დაკვირვების ქვეშ და ალბათ რამდენიმე საათში გაეწერება ბინას," - განაცხადა გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალაიშვილმა.
შეგახსენებთ, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად ორი მამაკაცი ამ დრომდე მკურნალობას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადის. რაც შეეხება იარაღს, რომლითაც მოხდა დაპირისპირება, როგორც ექიმმა "კურიერთან" საუბარში განაცხადა, კლინიკაში მოყვანილებს მხოლოდ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.
ცნობილია, რომ სავარაუდოდ საქმეში ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღიც, თუმცა, კლინიკაში გადაყვანილ მამაკაცებს ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებული ჭრილობები არ აღენიშნებათ.
როგორც "კურიერს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დაიწყო. უწყების ცნობით, ამ დროისთვის პოლიცია დამნაშავეების დასაკავებლად მუშაობს.
ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი