18 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
ჰესების მშენებლობა ცაგერსა და ონში - პროცესში გამოვლენილი ხარვეზები ორმა ორგანიზაციამ ერთ კვლევაში აღწერა

ცაგერსა და ონში მიმდინარე ჰესების მშენებლობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები ორმა ორგანიზაციამ ერთ კვლევაში აღწერა. როგორც საია-მ და "მწვანე ალტერნატივამ" ანგარიშში აღნიშნეს, ჰესების პროექტების განვითარების არსებული პოლიტიკა შესაცვლელია და აუცილებელია ყველა საერთაშორისო ვალდებულება შესრულდეს.

როგორც "მწვანე ალტერნატივას" კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი, ირაკლი მაჭარაშვილი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით აქვს აღებული.

"ევროკავშირი მიუთითებს საქართველოს, რომ დიდ ჰესებთან დაკავშირებული პროექტები აწარმოოს ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, დაიცვას საზოგადოების მონაწილეობისა და გარემოს უსაფრთხოების საკითხები,“ - განმარტა ირაკლი მაჭარაშვილმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ კვლევა ხელისუფლებასთან დისკუსიის საგანი გახდება.

"ჩვენ ვფიქრობთ, ეს კვლევა გახდება ერთგვარი დისკუსიის საგანი ხელისუფლებასთან და მის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საიმისოდ, რომ რეალურად შევძლოთ უფრო გონივრული და რეალურად, ენერგო დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება“ - განაცხადა სულხან სალაძემ. 

 

 

დღის ამბები