პატრულის თანამშრომლის გამაფრთხილებელი გასროლა, რამაც ყიფშიძის ქუჩაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ინციდენტი დაასრულა ერთადერთი არ ყოფილა. 10 წუთზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ მასალაში, რომელიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა დაპირისპირების რამდენიმე მომენტი ჩანს. ასევე ისმინება უშუალო თვითმხილველების საუბარი. კადრებში ისმის, რომ ერთ-ერთ დაჭრილს ჯერ ესროლეს, შემდეგ კი დანა დაარტყეს.
კადრებში ასევე ჩანს, რომ დასაწყისში ინციდენტს ხუთი ფიგურანტი ჰყავს. მათგან სამი მამაკაცი მეოთხეს ფიზიკურ დაზიანებებს აყენებს, ხოლო მეხუთე ფიგურანტი ქალია. ის ერთ-ერთ დაცემულ მამაკაცს ეფარება და დანარჩენებს აკავებს. ქალი თავისივე ქმრის დაცვას ცდილობს.
ჩხუბის დროს ერთ-ერთი მამაკაცი იარაღს იღებს და ქამარზე იმაგრებს. დაჭრილს ჩხუბის დროს სამშენებლო ბლოკის ნატეხს თავში ძლიერად ურტყამენ.
ვიდრე ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდოდა ერთ-ერთი მამაკაცის მოწოდებით ჩხუბში კიდევ ორი სხვა პირი ჩაერთო. დანარჩენი სამის მსგავსად დაზიანებებს ისინიც დაცემულ მამაკაცს აყენებენ, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ ახერხებს.
მძიმედ დაშავებული მამაკაცი, რომელიც მუცლის არეში იყო დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მახლობლად მდებარე ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. იქვე მოათავსეს, ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილე. მას შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა.
ყიფშიძის 2 ნომერთან, სადაც სისხლიანი ინციდენტი მოხდა პოლიცია ამ დრომდე მუშაობს. ადგილი შეისწავლეს კრიმინალისტებმა და კინოლოგთა ჯგუფებმა. ამოღებულია ნივთმტკიცებები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი. გამომძიებლები არაერთ თვითმხილველსაც კითხავენ.