"როდის დაასრულებს რუსეთი ოკუპაციას?"- "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის მიერ პუტინისთვის დასმულ შეკითხვაზე და ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის პასუხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. პრემიერის განცხადებით, რუსეთთან არსებული პრობლემების მოგვარებაში საქართველოს ხელისუფლება თავის პარტნიორებთან სრულ სინქრონში მოქმედებს. ამასთან, გახარიას თქმით, გასათვალისწინებელია, რომ არსებობს საკითხები, როცა საქართველოს გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს და ვერავინ იტყვის:
"მე მთხოვთ განცხადებას იმაზე, რაც არ მინახავს და არ მომისმენია. შემიძლია გავაკეთო განცხადება იმაზე, რაც ვიცი და რაც მოხდა, საქართველოს და რუსეთის საგარეო მინისტრების შეხვედრა, პირველი ის, რომ ეს შეხვედრა მოხდა სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან, მეორე, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ურთულესი პრობლემები, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, მოაგვაროს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როდესაც მე ვამბობ, რომ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, აბსოლუტურად პრაგმატულად, ცივი გონებით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, ჩვენი სათქმელი იქნება ყოველთვის ჩვენი სათქმელი და იქ, სადაც შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა და დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ვამბობ, რომ ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენ გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს,"- აღნიშნა გახარიამ.
გახარიამ რუსეთთან ურთიერთობის ეკონომიკურ ასპექტებზეც ისაუბრა და ფრენების მოსალოდნელ აღდგენას მიესალმა. მისი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე რუსული პოლიტიკის გავლენა ნაკლები იყოს, საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღი უნდა იყოს და რისკების მართვის მენეჯმენტი კი უფრო ხარისხიანი:
"ის პოზიტიური ცვლილებები, რაც შეიძლება იყოს, მაგალითად ფრენების აღდგენა, რასაც მე მივესალმები. რისკები უნდა ვმართოთ, როგორც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, უნდა მართოს სახელმწიფომ. ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ჯანსაღი და რისკების მართვის მენეჯმენტი უნდა იყოს უფრო ხარისხიანი,“- განაცხადა გახარიამ.