18 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
სოფიო კილაძემ ოპოზიციის კრიტიკას "უსაფუძვლო წიოკი" უწოდა - კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ კომიტეტის ანგარიშში 20 ივნისის მოვლენები - დათუნა სარალიძის, თემირლან მაჩალიკაშვილის, ია კერძაიას და სხვა გახმაურებული საქმეები ვერ მოხვდა.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის წარდგენილ ანგარიშს ოპოზიციის მხრიდან მწვავე კითხვები და პროტესტი მოყვა. პარლამენტის დამოუკიდებელი კანდიდატი ეკა ბესელია დაინტერესდა, მოინახულა თუ არა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულები და შეხვდა თუ არა ერთ-ერთი დაკავებულის, ლევან ჯიქურის მეუღლეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ სხვადასხვა გახმაურებული საქმეები ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში ფიგურირებს. "როგორ მოახერხეთ, რომ არცერთ ამ თემაზე არაფერი გიწერიათ თქვენს მოხსენებაში?"- ჰკითხა კაპანაძემ კილაძეს.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" მდივანმა ხათუნა გოგორიშვილმა დათუნა სარალიძის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ვიტალი საფაროვის  საქმეები გაიხსენა, რომელიც კომიტეტის მოხსენებაში ვერ მოხვდა. გოგორიშვილის შეფასებით, სოფიო კილაძე ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით არაფერს აკეთებს.

თავად სოფიო კილაძემ ოპოზიციის კრიტიკას "უსაფუძვლო წიოკი" უწოდა. "სირცხვილია, რომ არ იცის ზოგიერთმა ოპოზიციონერმა რა ფუნქციას ატარებს კომიტეტის ანგარიში. ყველა კომიტეტის ანგარიში ეს არის ტექნიკური ანგარიში, სადაც წარმოდგენილია ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც მუშაობს კომიტეტი,"- განაცხადა სოფიო კილაძემ.

დღის ამბები