არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო სამსახურში სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები იყენებენ.
"დემოკრატიული ინიციატივა" ამ სიტუაციის მოგვარებას რეგულაციების გამკაცრებაში ხედავს:
"ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, რომ სიძულვილის ენის შემცირება მოხდეს პოლიტიკურ დისკურსში, ასევე საჯარო სამსახურში მოხელეების მიერ. თუ გამკაცრდება რეგულაციები, იქნება უფრო ნათელი და ცხადი ჩანაწერები, განსაკუთრებით სსიპ-ებთან მიმართებაში, რომლებიც სახელმწიფო ფულით ფინანსდება." - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
"საერთაშორისო მდგრადი განვითარების კვლევითი საზოგადოების" წარმომადგენელი კობა ბარამია კვლევის მნიშვნელობას აფასებს:
"თითოეული ადამიანის უფლება ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული იმგვარად, რომ მას არ დარჩეს დაუცველობის განცდა, რაც დღეს ვფიქრობ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი ბერკეტები, კანონმდებლობის დონეზე, ასე თუ ისე გაწერილია." - განაცხადა ბარამიამ.