"შმაქსი" - ეს "გირჩის" ახალი ინიციატივაა, რომელიც ბორბლებზე მოძრავ უნივერსიტეტს გულისხმობს. "გირჩის" განმარტებით, "შმაქსი" მოქალაქეებს ტაქსების ნაცვლად მოემსახურება, ის მოქალაქეების გადაადგილებას უზრუნველყოფს და ამავდროულად მგზავრებს გაანათლებს.
"შმაქსს" მძღოლი მასწავლებლები ეყოლება, რომლებიც ხალხს მანქანებში ჩაისვამენ და დაელაპარაკებიან თავისუფლებაზე, ევროპულ ღირებულებებსა და სხვა საკითხებზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შემოსავლის გარეშე დარჩენილ პირებს მოუწოდებს, რომ "შეეშვან ტაქსაობას და დაიწყონ შმაქსაობა".
"კომპანია დაიქირავებს ადამიანებს, რომლებიც იქნებიან კომპანიის მასწავლებლები, რომლებიც ადამიანებს გამოართმევენ თანხას იმაში, რომ მათ ესაუბრონ თავისუფლების იდეებზე, სწორ მორალზე, მათ შორის, სწორ ეკონომიკურ პრინციპებზე, სწორ განათლებაზე და ა.შ. ყველაფერ იმაზე, რასაც "გირჩი" აკეთებს უკვე რამდენიმე წელია ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ანაზღაურება მოხდება არა იქიდან გამომდინარე, რამდენ მანძილს გაივლის ადამიანი, არამედ იქიდან გამომდინარე, რამდენ წუთს ან საათს საგანმანათლებლო მასალას მოისმენს. ამ პროექტში შეუძლიათ ჩაერთონ იმ ათობით ათას ადამიანს, რომლებიც აქამდე ტაქსაობდნენ და დარჩნენ შემოსავლის გარეშე. მათ შეუძლიათ შეეშვან ტაქსაობას და დაიწყონ შმაქსაობა," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
"გირჩმა" "შმაქსის" პრეზენტაცია მსვლელობით აღნიშნა, ისინი წიწამურიდან თბილისში მანქანებით ჩამოვიდნენ.