საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, დღეს მის მიერ მინისტრ მაია ცქიტიშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც საზოგადოების უმრავლესობამ სექსისტურად მიიჩნია, განმარტებას აკეთებს. მამუკა ხაზარაძის თქმით, მისი გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. როგორც ხაზარაძე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვა პრინციპულად მნიშვნელოვანია:
"ჩემი დღევანდელი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა როგორც სექსისტური.
თუ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. ("ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს").
მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ორი რამ: ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია; და ამის დასტურია ბევრი ქალი ჩვენს გუნდში და თანასწორი გარემო, რომელსაც აქ ვქმნით.
მეორე, რომ არ იყოს ორაზროვნება, მინისტრი ცქიტიშვილი არაკომპეტენტურია ისევე როგორც ოცნების მთავრობა ბიძინა ივანიშვილის თამადობით.
საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე,"- წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრთან დაკავშირებით ხმაურიანი განცხადება დღეს გააკეთა, მისი თქმით, "მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს..."