საქართველოს პარლამენტის წევრები ნატოს დელეგაციასთან შეხვედრას მართავენ. დეპუტატებმა იმ გზავნილებზე ისაუბრეს, რომელიც მათ ალიანსის წარმომადგენლებთან ექნებათ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, "ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ალიანსი კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოში, როგორც უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიის მხარდამჭერის კუთხითაც, იმ ფონზე, როდესაც წინ მძიმე საარჩევნო წელია:
"ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველოს ინტეგრაცია ნატოსთან უნდა დაჩქარდეს და ახალ ეტაპზე გადავიდეს. ნატო უნდა იყოს უფრო აქტიური პარტნიორი სხვადასხვა თვალსაზრისით, როგორც უსაფრთხოების კუთხით, მათ შორის შავი ზღვის, ისე დემოკრატიის მხარდაჭერის კუთხით, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მოდის მძიმე საარჩევნო წელი," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ისევ სამხედრო მიუმხრობლობის მოდელზე საუბრობს. ირმა ინაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის ასეთი მოდელი უმნიშვნელოვანესია.
"ნატო კვლავ იმეორებს, რომ მისი კარი ღიაა და ჩვენ ვერ გვაწევრიანებს და არ გვაწევრიანებს, ამიტომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი საუბრობს უსაფრთხოების იმ სისტემაზე და კონცეფციაზე, რომელიც აპრობირებულია შვეიცარიაში, ფინეთში, ავსტრიაში, ეს არის სამხედრო მიუმხრობლობის მოდელი რაც ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია,"- აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
ინაშვილის პოზიციას არ იზიარებს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლის სესიაშვილი, მისი თქმით, ეს ქვეყნისთვის ძალიან სერიოზულ საფრთხეებს მოიცავს:
"ჩემთვის ეს არის ძალიან სარისკო და მოიცავს ძალიან სერიოზულ საფრთხეებს ჩვენი ქვეყნისთვის,"- განაცხადა სესიაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალიანსთან თანამშრომლობაში საქართველოს პარლამენტის მნიშვნელოვან როლზეც ისაუბრა:
"პარლამენტის ჩართულობა, მითუმეტეს საპარლამენტო რესპუბლიკაში და პარლამენტის პოზიცია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეტი ნატო გვქონდეს საქართველოში და მეტი საქართველო იყოს ნატოში, ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია,"- აღნიშნა სესიაშვილმა.