18 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატიის რეფორმები - რა გზავნილები აქვს "ნატოს" საქართველოს მიმართ

თავისუფალი სასამართლო, მედია პლურალიზმი და 2020 წლის არჩევნები - ეს ის მთავარი აქცენტებია, რომელზეც განსაკუთრებულ ყურადღებას აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი "ნატოში" ქეი ჰატჩისონი აკეთებს.ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს ვიზიტის ფარგლებში შტატების მუდმივი წარმომადგენელი სამართლიან არჩევნებს განიხილავს, როგორც დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელოვან ფაქტორს.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ფარგლებში გამართული შეხვედრისას გაჟღერებულ გზავნილებზე "კურიერი" ექსპერტებს და პოლიტიკოსებს ესაუბრა. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მთავარ საკითხად განიხილებოდა ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატიის ის რეფორმები, რომელიც ქვეყანამ უნდა გაატაროს წარმატებით, რათა ნატოში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს. ასევე საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მხრიდან წარმოებულ ჰიბრიდულ ომს  და იმ პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომელსაც საქართველოში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ახმოვანებენ.

"ჩვენ ვთხოვეთ ნატოს, რომ აუცილებელი იყო დამატებითი მექანიზმების შექმნა, რათა ამასთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიებები იყოს შემუშავებული,"- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

შეფასებები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოშიც. ეკა ბესელიას თქმით, პარტნიორი ქვეყნების ინტერესის ერთ-ერთი მთავარი საგანი, მართლმსაჯულების მდგომარეობაა.

"თუ სასამართლოს ოკუპაციას მოახდენს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი რეფორმა ვერ იქნება წარმატებული და ვერანაირ  დემოკრატიის ხარისხზე ვერ ვილაპარაკებთ,"- განაცხადა ბესელიამ, მისი თქმით, სასამართლო სისტემის მდგომარეობა უკვე გახდა პარტნიორების მხრიდან კრიტიკის თემა.

ბესელიას არ ეთანხმება უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი მისი თქმით, მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთიან პოზიციაზე არიან, რომ სასამართლო სისტემაში გატარებული ცვლილებები არის მნიშვნელოვანი და საჭირო და ეს ცვლილებები მხარდაჭერილია, როგორც აშშ-ის ასევე ევროკავშირის მხრიდან.

დღის ამბები