რამდენიმე საათიანი გაფიცვების შემდეგ ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, თუმცა მათი მოთხოვნები ისევ ძალაში რჩება.
ექიმები ხელისუფლებას სთხოვენ მათი ბედით დაინტერესდნენ, რადგან ბოლო შვიდი თვეა კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღიათ, ასევე ისინი გაუსაძლის პირობებზეც საუბრობენ.
საავადმყოფოს ხელმძღვანელი თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დაწესებულებას მხოლოდ მარტის თვის ხელფასი არ აქვს გაცემული.
"ეგ არ არის სწორი ინფორმაცია. აქ საკითხი ასე უნდა დაისვას, დღეს გასაცემი გვაქვს მარტის თვის ხელფასები, ინტერვალი შვიდი თვეა მაგრამ ხელფასი ყოველთვე გაიცემა," - ამბობს "უნივერსალური სამედიცინო ცენტრის" დირექტორი მამუკა გელოვანი.
"დავალიანება კონკრეტულ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს კონკრეტული დაწესებულების მიმართ არ აღენიშნება, ანაზღაურება ხდება იმ დადგენილი ვადებით, რომლითაც უნდა ხდებოდეს,"- აცხადებს"კურიერთან" საუბრის დროს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
ავტორი:ელიტა ანდღულაძე