18 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
"ერთი კანიბალების შეწყალებაღა დარჩა..." - შეწყალებების სკანდალი გრძელდება

პრეზიდენტის შეწყალებულთა სიაში მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შემდეგ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო მსჯავრდებული პირის აღმოჩენას სალომე ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკის ახალი ტალღა მოჰყვა.  პოლიტიკოსების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია, რომ ამ სკანდალური შეწყალებების დეტალები გაირკვეს.

"ერთი კანიბალების შეწყალებაღა დარჩა... ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი, თან არანაირ განმარტებას არ აკეთებს. მაინტერესებს შეწყალების კომისია რომ გააუქმა იანვარში, ახალი რატომ არ დააკომპლექტა და იცოდა თუ არა, რას აწერდა ხელს,"- განაცხადა "სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა.

კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას შეფასებით, საინტერესოა, ვინ ადგენს სიას, რომელიც საბოლოოდ პრეზიდენტთან ხვდება:

"ამ სიას სალომე ვერ შეადგენს, ვინ ადგენს ამ სიებს და რატომ არ კითხულობს პრეზიდენტი საქმეებს სანამ ხელს მოაწერს, კითხვა ეზარება?"- აღნიშნა ბაია პატარაიამ.

"ახალი მემარჯვენეების" წევრ ფიქრია ჩიხრაძის თქმით, აუცილებელია გამოძიებამ შედეგი დადოს და გაირკვეს, სიის შედგენისას სუბიექტური მოსაზრებებით შეირჩნენ  ადამიანები თუ ეს შეცდომის შედეგი იყო:

"თუმცაღა ეს ერთმანეთზე მიყოლებული შეცდომები მართლაც ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს,"- განაცხადა ჩიხრაძემ.

დღის ამბები