საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან იძულებით გადაადგილებული პირების პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის სამინისტროს შესასვლელთან კარავი სამ დევნილ პირს აქვს გაშლილი, შენობის შიგნით კი ექვსი პირი რჩება, რომლებიც შიმშილობას აგრძელებენ.
"გარეთ ვერ გამოვდივართ, დაცვა გვეუბნება თუ გარეთ გახვალთ შიგნით ვეღარ დაბრუნდებითო, ჩვენ მაგ სიებში ვეღარ ვხვდებით და ვართ უკმაყოფილო,"-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე "კურიერთან" საუბრის დროს.
"დღეს არავინ არ მოსულა ოფიციალური პირი, ეტყობა თბილისობაა და არ სცალიათ,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ჯანდაცვის სამინისტროში მოშიმშილე დევნილები მუდმივი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. უწყებაში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად, კონკრეტულად ვინ მიიღებს საცხოვრებელს, ამ ეტაპზე საუბარი შეუძლებელია, ინფორმაცია მხოლოდ 1-ლი ოქტომბრის შემდეგ გახდება ცნობილი.
დევნილები უკვე მე-19 დღეა, ქუჩაში დგანან და სამინისტროსგან პასუხს ითხოვენ.