18 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
შეწყალებების დაუსრულებელი სკანდალი - პრეზიდენტისგან განმარტებებს ოპოზიციასთან ერთად მმართველი გუნდიც ითხოვს

"შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ," - ასეთი პასუხი მიიღეს დღეს პრეზიდენტისგან  ჟურნალისტებმა, რომლებიც შეწყალების სკანდალზე განმარტებას ითხოვდნენ. სკანდალურ შეწყალებებს, ოპოზიციის მსგავსად, ხელისუფლებაც მწვავედ აკრიტიკებს. "ქართული ოცნება" მკაფიო განმარტებებს ელის, რა კრიტერიუმებით შეიქმნა სია და რატომ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები.

სალომე ზურაბიშვილთან ერთად დღეს გამოჩნდა შეწყალებების სკანდალის კიდევ ერთი ფიგურანტი ანგი ხუციშვილი, მან კომენტარი არ გააკეთა და "კურიერის" ჟურნალისტს დასვენება ურჩია.

"დღეს მაინც დაისვენეთ,"- ასე მიმართა "თბილისობაზე" პრეზიდენტთან ერთად გამოსულმა ანგი ხუციშვილმა "კურიერის" ჟურნალისტს, რომელიც მისგან შეწყალების საქმის ახალ, სკანდალურ დეტალთან დაკავშირებით ითხოვდა კომენტარს. საქმე ეხება არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის მსჯავრდებული პირის შეწყალებას.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დუმილის დარღვევა მაინც მოუწევს. განსაკუთრებით ახლა, როცა შეკითხვების რაოდენობა გაიზარდა. ოპოზიცია ადმინისტრაციისგან სრული სიის გამოქვეყნებას ითხოვს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ მურთაზ ზოდელავას თქმით, სალომე ზურაბიშვილი ხალხს იმის ღირსადაც არ მიიჩნევს, რომ მათთან რაიმე განმარტება გააკეთოს. როგორც ზოდელავა ამბობს, ეს მისგან გასაკვირიც არაა, რადგან ზურაბიშვილი მხოლოდ ივანიშვილთანაა ანგარიშვალდებული:

"ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ ივანიშვილთან და პირადად ივანიშვილის ჯიბის პრეზიდენტია,"- განაცხადა ზოდელავამ.

"ევროპული საქართველოს" წევრ გიორგი კანდელაკის თქმით, საქართველოს ჰყავს თავისმომჭრელი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას თავს ჭრის როგორც საგარეო, ასევე საშინაო საქმეებში.

"კვირა არ გავა, რომ უხერხულ, სამარცხვინო მდგომარეობაში არ ჩაგვაყენოს,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ტონი შეიცვალა. იუსტიციის მინისტრმა პრეზიდენტს დღეს შეახსენა, რომ საქართველო მონარქია არ არის და ის ვალდებულია საზოგადოებას შეწყალების მოტივი განუმარტოს.

"აუცილებელია, რომ როდესაც პრეზიდენტი ამა თუ იმ პირს იწყალებს, შემდეგ თუ რომელიმე კონკრეტულ შეწყალებულ პირთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვა, მან შეძლოს ახსნას, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება, ჩვენ არ ვართ სამეფო, ვართ რესპუბლიკა, შესაბამისად, არ გვყავს მეფე ან დედოფალი, გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ვალდებულება შეწყალების აქტი დაასაბუთოს. აქ არ იგულისხმება რამდენიმეგვერდიანი დასაბუთება, იგულისხმება უბრალოდ ახსნა ან მინიშნება, თუ რა ედო საფუძვლად ამა თუ იმ გადაწყვეტილებას,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულების შეწყალება მიუღებელია ყოფილი შს მინისტრის, ამჟამად პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის:

"შეწყალების სისტემა, ფაქტია, რომ ცვლილებებს საჭიროებს. ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება მიუღებელია. ისევე როგორც მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულის, რომელსაც ნახევარი არ აქვს მოხდილი. საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო,"-  განაცხადა გიორგი გახარიამ.

საკანონმდებლო ცვლილებაზე აკეთებს აქცენტს თბილის მერი:

"მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ წესი უნდა შეიცვალოს. ამაზე პრეზიდენტმა და პრემიერმაც ისაუბრეს. ჩემთვის ადამიანურად და  როგორც პოლიტიკოსისთვის მიუღებელია მძიმე დანაშაულისთვის მისჯილი პატიმრების შეწყალება. გამოძიება დაწყებულია და თუ კორუფციის ნიშნები გამოვლინდება, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი,"- განაცხადა კახა კალაძემ.

რა კრიტერიუმებით შეარჩიეს მსჯავრდებულები და რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა მძიმე მუხლებით ბრალდებულები? - ამ კითხვებზე დეტალურ განმარტებას ითხოვს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. მათ  არ სჯერათ,  რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ერთპიროვნულად მიიღო.

პოლიტიკოსების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია, რომ ამ სკანდალური შეწყალებების დეტალები გაირკვეს.

"ერთი კანიბალების შეწყალებაღა დარჩა... ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი, თან არანაირ განმარტებას არ აკეთებს. მაინტერესებს შეწყალების კომისია რომ გააუქმა იანვარში, ახალი რატომ არ დააკომპლექტა და იცოდა თუ არა, რას აწერდა ხელს,"- განაცხადა "სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა.

კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას შეფასებით, საინტერესოა, ვინ ადგენს სიას, რომელიც საბოლოოდ პრეზიდენტთან ხვდება:

"ამ სიას სალომე ვერ შეადგენს, ვინ ადგენს ამ სიებს და რატომ არ კითხულობს პრეზიდენტი საქმეებს, სანამ ხელს მოაწერს, კითხვა ეზარება?"- აღნიშნა ბაია პატარაიამ.

"ახალი მემარჯვენეების" წევრ ფიქრია ჩიხრაძის თქმით, აუცილებელია გამოძიებამ შედეგი დადოს და გაირკვეს, სიის შედგენისას სუბიექტური მოსაზრებებით შეირჩნენ ადამიანები თუ ეს შეცდომის შედეგი იყო:

"თუმცაღა ეს ერთმანეთზე მიყოლებული შეცდომები მართლაც ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს,"- განაცხადა ჩიხრაძემ.

"ახალი საქართველოს" ლიდერი პრეზიდენტს გადადგომას ურჩევს.

„ამას არ უშველის არანაირი ცვლილებები შეწყალების პროცედურაში, ჩვენ ყველა შეურაცხყოფილი ვართ იმით, რაც ხდება და უბრალოდ უნდა გადადგეს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებულ შეწყალების პროცესს უპრეცედენტოს უწოდებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი:

"პედოფილის შეწყალება, ნარკობარიგების შეწყალება, მკვლელების შეწყალება უპრეცედენტო პრაქტიკაა მსოფლიოს სახელმწიფოებრივ ისტორიაში და საუბედუროდ ეს მაინცდამაინც მოხდა ჩვენთან,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პრეზიდენტმა ამ დრომდე შეწყალების პროცესზე მხოლოდ პასუხისმგებლობა აიღო და მორატორიუმი გამოაცხადა. საზოგადოება სალომე ზურაბიშვილისგან მეტ განმარტებებს და დასაბუთებულ პასუხს ელის.

დღის ამბები