თბილისობის გალაკონცერტი 84 წლის ასაკში გარდაცვლილი უდიდესი ქართველი კომპოზიტორის შემოქმედებით გაიხსნა. წელს თბილისობის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გია ყანჩელის ხსოვნას ეძღვნება.
თბილისობა 2019 ლევთახევში, რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე აღინიშნება. თბილისის ქუჩებში ტრადიციულად საბავშვო ღონისძიებების დიდი არჩევანია. სპორტული, კულტურული და კულინარიული ღონისძიებები რიყეზე დილიდან დაიწყო. წელსაც მოეწყო მეტეხის ხიდზე ავტომობილების გამოფენა.
"აბეზარა", "ღვინის ქურდები", "ცისფერი მთები", "ნატვრის ხე" - ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლის კინოპავილიონები ორბელიანის მოედანზე იყო წარმოდგენილი, ფილმების საყვარელი პერსონაჟები კი ადგილზე გაცოცხლებული. ორბელიანის მოედანზე ყვავილების ფესტივალიც გაიმართა.
ხვალიდან სამივე ლოკაციაზე საბავშვო გასართობი ღონისძიებები, სპორტული აქტივობები, კონცერტები და თეატრალური სანახაობები კვლავ განახლდება.
ავტორი: ალექსანდრე ლეჟავა