18 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
მილიონობით ზარალი და მილიონობით პრემია - "ელექტროსისტემის" საქმით, შესაძლოა, საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ

77  მილიონიანი ზარალის პირობებში "სახელმწიფო ელექტროსისტემამ" 12 მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებელი პრემია გასცა. მომხდარი 2014-დან 2017 წლამდე პერიოდს მოიცავს. ასევე ირკვევა, რომ 3 წლის განმავლობაში "ელექტროსისტემა" უკანონო მშენებლობის გამო, 25-ჯერ დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ "სახელმწიფო ელექტროსისტემამ" 2014-2017 წლებში მილიონობით ზარალი მიიღო. თუმცა კომპანიას თანამშრომლებისთვის სოლიდური პრემიების გამოწერაზე უარი არ უთქვამს.

2014-2017 წლებში 12 მლნ ლარზე მეტი პრემია გაცემულია კომპანიაში დამტკიცებული პრემირების წესის მოთხოვნების შეუსაბამოდ, რომელიც გულისხმობს პრემიის გაცემის შესაძლებლობას ფინანსური მოგების გათვალისწინებით. რამდენადაც კომპანიის წმინდა ფინანსური შედეგები ოთხივე წლის შემთხვევაში უარყოფითია, კომპანიას აღნიშნული პრემიების გაცემის უფლება არ ჰქონდა.

იმ დროს, რა პერიოდის  ფინანსურ დარღვევებზეც აუდიტის დასკვნაშია საუბარი, ელექტროსისტემის კომპანიას სულხან ზუმბურიძე ხელმძღვანელობდა. ზუმბურიძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება.

მისი თქმით, დასკვნაში შეცვლილი რეალობაა ასახული, რადგან როდესაც აუდიტის სამსახური 2014-2017 წლების საქმიანობას სწავლობდა, მან და მისმა სამსახურმა აუდიტის წარმომადგენლებს დაუდეს არგუმენტები, რითაც 12 მილიონზე მეტი პრემიის გაცემა და 77 მილიონზე მეტი ზარალი იყო ახსნილი, თუმცა აუდიტის სამსახურმა ეს არგუმენტები არ გაითვალისწინა. ზუმბურიძე გამოძიების დაწყების შემთხვევაში  თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებს:

"არ ვეთანხმებოდით და ამაზე პასუხი გავეცით. თუ ჩათვლის რომელიმე სამსახური, რომ საჭიროა ამ საკითხებზე რეაგირება, იმ ფორმატში მოხდება პასუხების გაცემა,"- განაცხადა  ზუმბურიძემ.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ეკონომიკის სამინისტროს საფარქვეშაა. "კურიერი" უწყებას დაუკავშირდა, თუმცა იმ მიზეზით, რომ შაბათი დღე იყო, სამინისტროსგან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო.

აუდიტის დასკვნას პრემიების გაცემის ნაწილში არ ეთანხმებიან არც ელექტროსისტემის კომპანიაში. ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ზარალი ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.

"ამჟამად კომპანიას მართავს ახალი მმართველი გუნდი, რომელიც დეტალურად ეცნობა აუდიტის შედეგებს. რაც შეეხება ზარალს, ამ წლების განმავლობაში ზარალი განპირობებული იყო კურსთაშორის სხვაობით მიღებული ხარჯებით, ხოლო პრემია იყო გათვალისწინებული რეაბილიტაციის გეგმით და შესაბამისად დაკავშირებული იყო რეაბილიტაციის ამოცანებთან,"- განაცხადა "კურიერთან" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემების, ადამიანური რესურსების და კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა  მიხეილ ზიბზიბაძემ.

გადავა თუ არა საქმე საგამოძიებო უწყებაში, ეს მომდევნო დღეების განმავლობაში გაირკვევა.

 

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი

დღის ამბები