საქართველოში ყოველ მეორე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს. საპენსიო სესხი ამ დრომდე ერთ-ერთი ძვირი საბანკო პროდუქტია. ის, ვინც თანხას წინასწარ იღებს, ყოველთვიურად ბანკში პენსიის მესამედს ტოვებს. პენსიების გაცემის ექსკლუზიური უფლების მქონე ბანკს სახელმწიფოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ვადა წლის ბოლოს ეწურება.
ბანკის ვალი 890 000 პენსიონერიდან 417 000 პენსიონერს აქვს. "ლიბერთი ბანკიდან" წელს პენსიონერებმა ჯამში 330 მილიონი ლარი ისესხეს. აქედან ბანკმა 90 მილიონი დაიბრუნა, 27 მილიონი კი ჩამოწერა. ჩამოწერის მიზეზი ისაა, რომ მსესხებელთა 7 პროცენტი ვალის დაფარვამდე გარდაიცვალა.
კითხვით, რატომ არის ყველაზე ძვირი საპენსიო სესხი, "კურიერმა" "ლიბერთი ბანკს" მიმართა.
"ორი კომპონენტი, რაც ამ ბანკს განასხვავებს სხვა სესხებისგან და აძვირებს, ეს არის დარიგების ხარჯიანი ნაწილი და მეორე კომპონენტი გახლავთ სიცოცხლის მაღალი რისკი, მომდევნო წლის მაისისთვის 28%-მდე იქნება ამ სესხების საპროცენტო განაკვეთი" - განაცხადა "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ლეკიშვილმა.
პენსიების გაცემის ექსკლუზიური უფლება რომ არ არსებობდეს, კონკურენციის პირობებში საპროცენტო განაკვეთები შედარებით დაბალი იქნებოდა, - ამ მოსაზრებაზე თანხმდებიან ექსპერტები.
გიორგი კეპულაძე თვლის, რომ პენსიონერებს სესხის აღების საშუალება უნდა ჰქონდეთ, თუმცა კარგი იქნება თუ სესხების გაცემაზე მონოპოლია მხოლოდ ერთ კომერციულ ბანკს არ ექნება.
ზვიად ხორგუაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა არის არა ის თუ რა პროცენტით არის საპენსიო სესხი, არამედ ის თუ რატომ მიდის ამდენი პენსიონერი სესხის ასაღებად. მისი თქმით, მთავარი მიზეზი არის გაჭირვება და ფასების ზრდა.
2019 წლის ბოლოს საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა ეწურება. პირველი იანვრიდან პენსიები კონკურსში გამარჯვებულმა ბანკმა უნდა დაარიგოს. როდის და რა პირობებით ჩატარდება კონკურსი, ჯერჯერობით უცნობია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს და დეტალები ზუსტდება. ცნობილია ის, რომ გამარჯვებული ისევ ერთი ბანკი იქნება.
შეიცვლება თუ არა საპენსიო სესხების სტატისტიკა ახალი სატენდერო პირობების შემდეგ, გაურკვეველია. ცნობილია ის, რომ პენსიების დარიგების ექსკლუზიური უფლების შენარჩუნებას "ლიბერთი ბანკი" ისევ ეცდება. ამ დრომდე სხვა მსურველების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, საპენსიო სესხის მკვეთრი გაიაფება, სავარაუდოდ, მოსალოდნელი არ არის.