მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. ხორავას ქუჩაზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის სხდომა რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა ის გადაიდო და დღეს გაიმართება.
კალანდიას უფლებადამცველი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები და დაკავებული ახალგაზრდა უდანაშაულოა.
"საქმეში არ დევს არც ერთი მტკიცებულება, კლასიკური გაგების მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მიხეილ კალანდიას ბრალეულ ქმედებას. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის შუამდგომლობით, ბატონმა ცუკერბერგმა დააკმაყოფილა და გადმოსცა ქართულ მხარეს საქმისთვის არსებითი ინფორმაციის მატარებელი მოწმეების მიერ, დროის ამ მონაკვეთში შესრულებული მიმოწერები, რომლითაც არ დასტურდება მსგავსი რამე, კერძოდ ფაქტი, რომ მიხეილ კალანდიამ თითქოს მოუწოდა თავის მეგობრებს, ხანჯლებით, დანებით შეიარაღებული მოსულიყვნენ შემთხვევის ადგილზე და ანგარიში გაესწორებინათ ვინმესთვის,"- განაცხადა ზურაბ თოდუამ.