მორიგი ხმაურიანი სხდომის მოლოდინი - პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე, ამ წუთებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა გრძელდება. კანონმდებლების წინაშე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩნაძე წარდგება. ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება.
პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე სასამართლოში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს.
"სასამართლო არის მძიმე კრიზისში, ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ბოლომდე დამორჩილებული მართლმსაჯულების სისტემა. შევეცდებით, როგორც აქამდე ევროპული საქართველო, რომ კანდიდატების რეალური სახე დავანახოთ საზოგადოებას. ამისთვის საუკეთესო საშუალება არის იმ კითხვების დასმა, რომელიც შეეხება ერთის მხრივ, სამართლის ძირითად მიმართულებებს, მეორეს მხრივ კლანის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასმა ზოგადად სასამართლო სისტემაში არსებული კლანის შეფასებას,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი მეზურნიშვილი ამბობს, რომ მოსამართლეების არჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
"მოსამართლეების არჩევის პროცესი არის ერთ-ერთი გამორჩეული გამჭვირვალობის კუთხით, რადგან ბევრ ქვეყანას თქვენ ვერ დამისახელებთ, სადაც მოსამართლეების არჩევის პროცესი ასეთი ღია და ასეთი გამჭვირვალეა. ასევე, მოვისმინეთ არაერთი მწვავე კითხვა როგორც ოპოზიციიდან, ასევე მმართველი გუნდიდან და ვფიქრობ, რომ ეს პასუხობს იმ საზოგადოების ინტერესებს, რომ საზოგადოებამ კარგად და ნათლად დაინახოს თუ ვინ არიან ის მოსამართლეები," - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.