სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი თამთა თოდაძე დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. ისნის მაჟორიტარული ოფისის თანამშრომელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქმის გარემოებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მიმართ მკაცრი იქნება.
“ჩემი მთავარი მოთხოვნა არის, რომ კანონის სრული დაცვით მოხდეს ნივთმტკიცებების ამოღებაც, ყველაფერი ისე მოხდეს, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმოს. რადგანაც ამ დრომდე არ მოხდა ჩემი დაზარალებულად ცნობა, საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ უფრო მეტად დამანახოს ის, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს საქმე მაქსიმალურად იქნება გამოძიებული. სავარაუდო ბრალდებულის მხრიდან გამოითქვა იმის სურვილი, რომ ამ საქმის სხვებისათვის გაგება არ მომხდარიყო და ჩუმად მომხდარიყო მიჩქმალვა," - აღნიშნა თოდაძემ.
უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით, აღნიშნული საქმე ხელოვნურადაა გაჩერებული.
"არსებობს საქმეში საკმარისი მტკიცებულება, რომ ბრალი წაუყენონ ადამიანს, მაგრამ ამას პროკურატურა არ აკეთებს და მე მინდა მივმართო თადუმაძეს, რომ მისცეს პროკურორს მუშაობის საშუალება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე მთავარი პროკურორის დონეზე და საქმე ხელოვნურად არის გაჩერებული. ჩემთვის გაუგებარია "ქართულ ოცნებასა" და ამ ადამიანს რა ურთიერთობა აქვთ ისეთი, რომ ასეთ მაღალ პოლიტიკურ ფასს იხდის "ქართული ოცნება" ვინმე ილიას დასაცავად, ჩემთვის გაუგებარია. ეს მათი საქმეა. მაგრამ ბრალის წარდგინება როდესაც მოხდება ადამიანისთვის, ძალიან ლოგიკური იქნება თუ მას უფლებამოსილება შეუწყდება," - აღნიშნა ბაია პატარაიამ.
საქმეზე საგამოძიებო უწყებაში სავარაუდო მსხვერპლიც და სავარაუდო დამნაშავეც უკვე გამოიკითხნენ.