18 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმე - საკრებულოს ოპოზიცია ჯიშკარიანისთვის მანდატის შეწყვეტას მოითხოვს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლილე ლიპარტელიანი საკრებულოს უმრავლესობას და გენდერულ საბჭოს მოუწოდებს, რომ "ქართული ოცნების" წევრ ილია ჯიშკარიანისთვის მანდატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს მხარი დაუჭირონ.

ენმ-ს წევრი ჯიშკარიანის მიერ ისნის მაჟორიტარული ოფისის თანამშრომელ თამთა თოდაძეზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.

"მოვუწოდებთ საკრებულოს უმრავლესობას, გენდერულ საბჭოს, განსაკუთრებით საკრებულოს წევრ ქალ დეპუტატებს დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა, შეუერთდნენ ჩვენს მოთხოვნას, სოლიდარობა გამოუცხადონ დაზარალებულ ქალბატონ თამთა თოდაძეს და პირველივე საკრებულოს სხდომაზე დავაყენოთ საკითხი ილია ჯიშკარიანისთვის საკრებულოს მანდატის უფლებამოსილების შეჩერებაზე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. მნიშვნელოვანია დაზარალებულ თამთა თოდაძეს საკრებულომ შესთავაზოს სხვა თანაზომადი სამსახური, რათა სრულყოფილად გააგრძელოს მან საქმიანობა," - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანის თქმით, თუ გამოძიების ფარგლებში სასამართლო ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოიხოვს, მის უფლებამოსილების შეწყვეტაზე სამართლებრივი დასკვნა მომზადდება.

"მსგავსი ტიპის ძალადობა არის სრულიად მიუღებელი, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. პროკურატურამ კონკრეტული პირი ბრალდებულად უნდა ცნოს, ხოლო ამის შემდეგ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვოს. თუ სასამართლო ამ განჩინებას გამოიტანს, რასაკვირველია. იურიდიულ საკითხთა კომისია მოამზადებს სამართლებრივ დასკვნას, წარუდგენს საკრებულოს და უფლებამოსილება შეუჩერდება საკრებულოს წევრს. რაც შეეხება შეწყვეტას, ამის საფუძველი არის მაგალითად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მან პირადი გადაწყვეტილებით უნდა მიმართოს საკრებულოს," - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები