ათენში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია გამართეს, ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, არალეგალურად მცხოვრებ მიგრანტებს ლეგალურად ცხოვრებასა და დასაქმებაში ხელს საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები უშლიან და საქმეებს არ იხილავენ.
საქართველოს მოქალაქეებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს და მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, უფრო აქტიურად იმუშაოს ბერძნულ მხარესთან, რათა მიგრანტებს დასაქმების უფლება მიეცეთ.
"მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაგვეხმაროს და შუამავლობა გაგვიწიოს, დაგვიჩქარონ და მოგვცენ ჩვენი კუთვნილი საბუთები, რომ შევძლოთ ჩვენც ადამიანური პირობებით გადაადგილება, გადასახადებს ვიხდით, გვენატრება ოჯახები, გვენატრება შვილები, გთხოვთ დაგვეხმაროთ," - აცხადებს ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი ლელა რომანაძე.