შესაძლო სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული "ქართული ოცნების" წევრი ილია ჯიშკარიანი ამ დრომდე საავადმყოფოშია. გამოძიება კი აქტიურად კითხავს ბიუროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ისნის მაჟორიტარულ ოფისში სავარაუდო სექსუალური დანაშაულის დროს შენობაში იმყოფებოდნენ.
"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევის დროს იქ მყოფი ადამიანები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მათ შორის დეპუტატი ილია ჯიშკარიანიც. თუმცა, სამაჟორიტარო ბიუროს თანამშრომლები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ინციდენტის დროს ოფისში საერთოდ არავინ იმყოფებოდა.
"ჩვენ ვმუშაობდით გარეთ, ვაგროვებდით ტანსაცმელს, დამტვრეული ვნახე ყველაფერი. სხვა დეტალებს მე არ ვიტყვი, ხომ ველოდებით გამოძიებას," - განაცხადა ბიუროს თანამშრომელმა ნინო კვარაცხელიამ.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ პოლიციის განყოფილება დატოვა პიროვნებამ, რომელიც სავარაუდო მსხვერპლს გარიგებას სთავაზობდა.
მამუკა ფეიქრიშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ითანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა დეტალებზე საუბარი არ სურს.
"მივედი და მივეცი გამოძიებას ჩვენება, შეგიძლიათ პრესცენტში მიხვიდეთ... ეს შემობრუნებული ლაპარაკი არ გვინდა," - განაცხადა ფეიქრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძე საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ ჯიშკარიანის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. თავად ჯიშკარიანი გულის შეტევით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.