საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა.
2018 წელს "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოდან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეებისთვის, დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება/დაბრუნების პროცედურები გამარტივდა.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, მაგრამ ჯერ არ შეჩერებიათ საქართველოს მოქალაქის სტატუსი, 2019 წლის 15 აგვისტომდე შესაძლებლობა ჰქონდათ, მიემართათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის და მოეთხოვათ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.
ერთი წლის მანძილზე (2019 წლის 15 აგვისტომდე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ამ უფლებით მოსარგებლე პირთა მომართვიანობა მაღალი იყო - საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით სააგენტოს 9348 საქართველოს მოქალაქემ მომართა.
მომართვიანობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი გახდა ამავე კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტში შესულიყო ცვლილება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, 2020 წლის 31 დეკემბრამდე ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით.