ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით და საქართველოს პროფესიული კავშირის მონაწილეობით თბილისში მინიმალური ხელფასის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. განხილვის მთავარი თემა საქართველოში მინიმალური ხელფასი და მასთან დაკავშირებული პრობლემებია. კონფერენციაზე პროფკავშირების გაერთიანება მის მიერ შემუშავებული კანონპროექტს წარადგენს.
ფონდის წარმომადგენლის, ფელიქს ჰეტის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ქვეყანამ შესაბამისი სტანდარტები უნდა წარადგინოს.
"ეს არის კონფერენცია სახელწოდებით "მინიმალური ხელფასი". ევროკავშირის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს განსაზღვრული მინიმალური ხელფასი. საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც ევროპაში ინტეგრაციის სურვილი აქვს. შესაბამისად, ქვეყანამ უნდა წარმოადგინოს თავისი მინიმალური ხელფასის ოდენობა. ჩვენი განხილვის თემა არამარტო საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაა, არამედ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესება. ჩვენ გვჯერა, რომ თანდათანობით საქართველოს ეკონომიკას დავეხმარებით, რომ მინიმალური ხელფასის წარმოდგენა შეძლონ,"- განაცხადა ფელიქს ჰეტმა.
როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, ადეკვატური მინიმალური ხელფასის ოდენობა ქვეყანაში სამართლიანი გარემოს შექმნისთვის აუცილებელია.
"სამართლიანი გარემო მანამდე ვერ იქნება, ვიდრე ბიზნესს ეძლევა საშუალება, რომ ბიუჯეტს მოჰპაროს ფული და ფულის მოპარვა გამოიხატება სწორედ დღეს არსებულ მინიმალურ ხელფასში. არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის ადეკვატური მინიმალური ხელფასის არსებობა ქვეყანაში,"- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.