პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს 20 კანდიდატიდან 17 მათგანის დიპლომის ნამდვილობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც" დასვა, ხოლო სახალხო დამცველის ანგარიშში თადუმაძესთან ერთად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ორი კანდიდატის, მირანდა ირემაძისა და ზაზა თავაძის დიპლომის ნამდვილობის საკითხი გამოიკვეთა.
თადუმაძე, თავაძე და ირემაძე მათ რიცხვში არიან, რომელთაც პარლამენტის სპეციალური კომისიისთვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ჯერ არ წარუდგენიათ.
"მოთხოვნა იყო ძალიან კონკრეტული, ფაქტობრივად, შეიცავდა ერთ წინადადებას, რომ წარმოედგინათ ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თითოეული იმ დიპლომის ირგვლივ, რომელზეც ჩვენ მივმართეთ. ამ დროს კიდევ სხვა მოსაზრებებიც გამოითქვა, რომ იყო ისეთი დიპლომები, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო მაგისტრის ხარისხი იურიდიულ ფაკულტეტზე და, ამ შემთხვევაში, 5 წლიანი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ გავლილი კანდიდატებს. ამის დადასტურებაც გვინდოდა ეროვნული ცენტრისგან, ამიტომ, ყველა ასეთ ინფორმაციაზე ჩვენ მათ დამატებითი ცნობის მოწოდება ვთხოვეთ კომიტეტისთვის.
17 კანდიდატიდან ეს სამი გვარი [თადუმაძე, ირემაძე, თავაძე] იყო და თითოეულ მათგანზე შესაბამისი ცნობა იქნა გაგზავნილი. ზოგიერთმა კანდიდატმა მოგვაწოდა, ახლა მიდის ამ საკითხების დახარისხება. თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით, წლებთან იყო და უნივერსიტეტის აკრედიტაციასთან გარკვეული კითხვის ნიშნები, მსგავსი სახის კითხვის ნიშნები იყო თავაძესთან დაკავშირებითაც,"- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით მართვის სისტემა ინფორმაციას არ ფლობს. დოკუმენტების წარსადგენად კანდიდატებს ვადა 16 ოქტომბრამდე აქვთ.