წყალტუბოს ნომერ მეორე საჯარო სკოლის საგზაო მოძრაობის წესების პედაგოგი აკაკი ტყეშელაშვილი სკოლის დირექტორსა და წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს სამსახურიდან უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ ტყეშელაშვილს ადრე დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. პედაგოგის განმარტებით, მასზე ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით, მისი მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური განწყობის გამო მოხდა.
გარდა ამისა, ტყეშელაშვილი მეორე საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლასაც ითხოვს.
"საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, იმ უბანში, სადაც დავიბადე, გავიზარდე, სადაც ვცხოვრობ და ჩემი ავტორიტეტი გამაჩნია კატასტროფული შედეგი მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა. ია კერზაიას საქმე 8 წუთში სამ პიროვნებაზე იქნა გადაწერილი და ინსპექტირება მყისიერად დაინიშნა. როდესაც წყალტუბოს საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე სერიოზულ ბრალდებებს უყენებს სკოლის დირექტორს, რატომ არ აქვს სამინისტროს რეაგირება?!" - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად პედაგოგიური ეთიკის ნორმების დარღვევა სახელდება.
წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდება.