18 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
"არ ვიცოდი თუ მას მოკლავდნენ" - მოქმედი სამართალდამცავის ჩვენება რუსთავში მომხდარ მკვლელობაზე

"კურიერმა" რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი მოქმედი პოლიციელის ჩვენება მოიპოვა. საუბარია 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე. ცნობილია, რომ დავით მუმლაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას 2 პირს ედავებიან, აქედან 1 ზურაბ ჯღარკავაა, რომელიც ამ დროისთვის ძებნილია, ხოლო მეორე ჯღარკავას მეგობარი - გიორგი ასათიანი. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და დანაშაულს არ აღიარებს.

როგორც დავით მიროტაძის ჩვენებიდან ირკვევა, თავის მხრივ, მიროტაძეს მისმა სიძემ, ზურაბ ჯღარკავამ დახმარების თხოვნით მიმართა და უთხრა, რომ დავით მუმლაძესთან პირადი უთანხმოება ჰქონდა და ის ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

სწორედ აქედან გამომდინარე, მიხეილ ღუბიაურის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას დახმარების მიზნით, მისმა მეგობარმა, დავით მიროტაძემ მიმართა.

როგორც მიხეილ ღუბიაური ამბობს, მიროტაძემ, რომელიც ასევე მოქმედი პოლიციელია, მანქანიდან ბორკილდადებული დავით მუმლაძე მის სიძეს, ზურაბ ჯღარკავას ავტომობილში ჩაუსვა.

ღუბიაური ჩვენებაში წერს, რომ მან არ იცოდა, რა გეგმა ჰქონდა ძებნილ ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს დავით მუმლაძის მიმართ. როგორც ღუბიაური ამბობს, მისი ინფორმაციით, მხოლოდ მუმლაძის დაშინება და ქვეყნის დატოვების იძულება იგეგმებოდა.  


"ჩვენი მანქანიდან დათო მიროტაძემ ბორკილებიანი დავით მუმლაძე გადაიყვანა და ჩაუსვა მანქანაში ზურაბ ჯღარკავას, ხოლო გიორგი ასათიანი საჭესთან დაჯდა. ამ მომენტში შევნიშნე, რომ მათი მხრიდან დავით მუმლაძის მისამართით აგრესია წამოვიდა. მოვლენების ასეთ განვითარებას რეალურად არ ველოდი. არ ვიცოდი თუ მას მოკლავდნენ. როგორც ჩემთვის იყო ცნობილი ისინი დავით მუმლაძის მხოლოდ ცემას აპირებდნენ და იძულებულს გახდიდნენ, რომ საქართველო დაეტოვებინა. როდესაც პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ ნანახი იქნა ამოუცნობი მამაკაცის გვამი, ამ ფაქტმა კიდევ უფრო ამაღელვა და შემაშინა" - ამბობს ჩვენებაში მიხეილ ღუბიაური.

დავით მუმლაძის (იგივე ზურა დადეშელი) კვალი 1 ოქტომბერს დაიკარგა, 4-დღიანი ძებნის შემდეგ კი მისი ცხედარი, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული 30-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა, მდინარე მტკვარმა რუსთავში გამორიყა.

საქმეზე ამ დროისთვის 5 პირია დაკავებული, მათგან 3 შსს-ს თანამშრომელია, მათ შორის 2 მოქმედი. ასევე დაკავებულები არიან მისი მეგობრები და 1 პირი ზურაბ ჯღარკავა ამ დრომდე ძებნაში იმყოფება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები