18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
აქციის მონაწილეები საპატიმროში და დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები - არის თუ არა შერჩევითი სამართალი 20 ივნისის საქმეში

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.

ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა, ვინაიდან პროკურორ ვაჟა თოდუას განმარტებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მტკიცებულებებს უდავოდ ცნობს და ამას გარდა, ექსპერტიზის თანახმად, ლევან ჯიქურს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს.

თითქმის 3-თვიანი პატიმრობის და 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გათავისუფლებულმა ლევან ჯიქურმა სასამართლოს დერეფანი ეტლით გაიარა. პატიმრობის 2 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის საფუძველი სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, ასევე დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება გახდა. ჯიქური პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებას არ უარყოფს, თუმცა გადატრიალების მცდელობასა და ჯგუფური მოქმედების ვერსიას აბსურდულს უწოდებს.

"მივედი ხალხის დახმარება მინდოდა. ტყვიებს გვესროდნენ და ფარით თავს ვიცავდი. სხვა დაკავებულებს არ ვიცნობდი სასამართლოში გავიცანი,"- განაცხადა ჯიქურმა.

დღეს სასამართლოში იყვნენ ისინიც, ვინც სასურველი შედეგი ვერ მიიღო და პროტესტს მათ შორის უკიდურესი ფორმებით განაგრძობს. საპატიმროში ამ დრომდე შიმშილობს ბესიკ თამლიანი, რომლის საქმის განხილვა დღეს სხვა ბრალდებულების საქმეების მსგავსად გადაიდო. მათი ოჯახის წევრები აქტივისტებთან ერთად სასამართლოსთან პირზე აკრული წითელი ლენტებით იდგნენ. ამ ფორმით მათ სასამართლო მორჩილებასა და დუმილში დაადანაშაულეს.

აქციას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, თუმცა არა მხოლოდ იმ მოთხოვნით, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები გაათავისუფლონ. საიამ დღეს პროკურატურიდან გამოთხოვილი მონაცემები გაასაჯაროვა. გაირკვა, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად 67 პოლიციელი და აქციის მხოლოდ 4 მონაწილე ცნეს.

"დაზარალდა ძალიან ბევრი ადამიანი და პასუხისმგებლობას არ იღებს არავინ, მათ შორის გახარია" -განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

გიორგი გახარია დღესვე ჟურნალისტებთან შეეცადა აეხსნა, რატომ არ აქვთ დაშავებულებს დაზარალებულის სტატუსი. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ხდებოდა 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისთვის ამ სტატუსის მინიჭება, რაზეც გახარიამ თქვა, რომ პროცედურებს თავისი ვადები აქვს.

"როგორც კი დასრულდება პროცედურები მაკო გომური  იქნება დაზარალებულად ცნობილი. მაკო  გომურისთვის შეხვედრის თხოვნით არ მიმიმართავს, თუმცა შეიძლება მივმართო, ამის  სურვილი როცა მექნება მაშინვე გადმოგცემთ," - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

უტიფრობად და თავხედობად აფასებს ხელისუფლების ქმედებებს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე. მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეებთან ერთად 30 ჟურნალისტიც დაშავდა, მაშინ როდესაც ისინი თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ. კახიძის თქმით, ხელისუფლება ამ უსამართლობისთვის პასუხს არჩევნებზე აგებს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან:

"ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, დაზარალებულები დაზარალებულად იქნებიან ცნობილი და ბრალდებულები დამნაშავეებად,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ქვეყანაში არსებულ შერჩევით სამართალზე აკეთებს აქცენტს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე:

"ის რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ან მასთან დაკავშირებულ პირებს ეპატიებათ ყველაფერი, როგორი დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინონ... ეს არის პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება სამართლებრივი კუთხით,"- განაცხადა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, ეს ქმედებები დანაშაულია და ხელისუფლება ამაზე პასუხს აგებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, მისთვის უფრო  მნიშვნელოვანია, რომ 20 ივნისის ღამეს დაზარალებულებს თავისი უფლებების სათანადოდ რეალიზების საშუალება მიეცეთ, ვიდრე ის თუ სტატუსი როდის მიენიჭებათ:

"ის ადამიანები, ვინც დაზარალდნენ იქ და ეს არის ფაქტი, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ჩემთვის არიან დაზარალებულნი. დღეს მიენიჭებათ ეს სტატუსი, თუ ხვალ იქნება მინიჭებული, მთავარია, რომ მათი უფლებები იყოს დაცული,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, მისი თქმით, თუ გამოჩნდება, რომ დაზარალებულებს თავისი უფლებების სათანადოდ რეალიზების საშუალება არ ეძლევათ, შეკითხვებს უმრავლესობაც დასვამს.

იმ ფონზე, რომ პროკურატურამ საბრალდებო დასკვნების გაცემა აქციის მონაწილეებით, ხოლო დაზარალებულთა სიის შედგენა პოლიციელებით დაიწყო, 16 პირი ამ დრომდე საპატიმროში რჩება. მათ შორის სამართალდამცავი არცერთი აღარ არის. სასამართლო პროცესები 23 ოქტომბრიდან განახლდება.

 

 

დღის ამბები