ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა რესტორან "სამეფოსთან" მოხდა, სადაც უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული შოთა ჭიჭიაშვილის ქელეხი იყო.
თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი მანქანა რესტორნიდან გამოსულ ქვეითებს დაეჯახა. შუახნის მამაკაცი მოტეხილობებით თბილისში გადმოიყვანეს, ხოლო მრავლობითი დაზიანებით თელავის კლინიკაში მოათავსეს ახალგაზრდა ქალი.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
"აქ არაფერი არ მომხდარა, თქვეს, რომ მოხდა სადღაც სოკარის ტერიტორიაზე, 2 ადამიანი დაშავდა. სასწრაფოების ხმა იყო გადაიყვანეს საავადმყოფოში,"- განაცხადა რესტორან "სამეფოს" თანამშრომელმა, ის მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასა და შოთა ჭიჭიაშვილის ქელეხს შორის რაიმე კავშირს უარყოფს.
სოკარის თანამშრომლის თქმით, ავარია სწორედ რესტორან "სამეფოს" დარბაზის წინ მდებარე ეზოში მოხდა.