დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ISUZU-ს მარკის ახალი 60 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი წარადგინა. როგორც თბილისის მერმა ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე განაცხადა, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი ეტაპობრივად ჩანაცვლდება.
"იცით, რომ შევიძინეთ 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსები და დღეს უკვე 60 ერთეული თბილისშია და ხვალიდან დედაქალაქის მოსახლეობას ეს ძალიან ლამაზი ავტობუსები მოემსახურება მოსახლეობას. წლის ბოლომდე ყველა ჩვენ მიერ შესყიდული ავტობუსი იქნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისელებს. თქვენ იცით ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, მე ძალიან ბევრი ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ეს პროცესი არ ჩერდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ავტობუსების პარკის ჩანაცვლება.
თქვენ იცით, რომ ყვითელი ავტობუსები, რომელიც დღეს თბილისს ემსახურება არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას და ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩავანაცვლოთ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსებით," - განაცხადა კალაძემ.