18 ნოემბერი 2024,   04:16
ვრცლად
"ჩვენ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან" - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულებულია. სამსაათიანი განხილვისას მხარეებმა შუამდგომლობები დააყენეს და მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება.

სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განცხადებები გააკეთეს. მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მთელი ეს პროცესი პოლიტიკური ოპონენტების დევნას უკავშირდება.

"ჩვენ ვართ აბსოლუტურად სუფთა არა მარტო ამ საქმეში, არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ ბიზნესს ვაკეთებთ,  მე და ბადრი და მთელი ჩვენი გუნდი. ფაქტია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან, მის კერძო ადვოკატთან, რომელიც დღეს დანიშნულა მთავარ პროკურორად. უდიპლომო ადვოკატთან, უცოდინარ ადვოკატთან. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად დიდი ჭაობი და ამ ჭაობიდან თუ დროზე არ ამოვედით ყველა ერთად, აქ არ არის მამუკა ხაზარაძეზე საუბარი, აქ არის ლაპარაკი ჩვენს სამშობლოზე, ჩვენს ხვალინდელ დღეზე, ლაპარაკია ჩვენს შვილებზე და წესიერი ქვეყნის, ერთხელ და სამუდამოდ, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზეა საუბარი და ამ სახელმწიფოს ჩვენ თქვენთან ერთად, ყველასთან ერთად, წესიერ ადამიანებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც მოძრაობა "ლელოს" კიდევ ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, პროცესები პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება. 

"მეთოდი, რომელსაც იყენებს ბიძინა ივანიშვილის მთავარი პროკურორი, ეს არის კარგად აპრობირებული მეთოდი ავტოკრატიული რეჟიმების მიერ. როდესაც ფულის გათეთრების დაბრალებით, ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ ისინი ამ ბრძოლაში უნდა დამარცხდნენ, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი შვილების და ქვეყნის მომავალზე. ამიტომ ჩვენგან ეს ბრძოლა იქნება შეუპოვარი და უკომპრომისო“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"პირველის" გენერალური დირექტორის, ვატო წერეთლის მამა ამბობს, რომ მთელი ეს პროცესი მათი მედიის საქმიანობას უკავშირდება. 

„არ აქვთ არაფერი მტკიცებულებები, რაღაც სისულელეს ლაპარაკობს ის ორი ახალგაზრდა პროკურორი, ეს არის მეტი არაფერი. ეს არის ყველაფერი იმ ტელევიზიების მიმართ, რომლებიც არ ემორჩილებიან ამ მთავრობას, არჩევნები მოდის 2020 იმასთან დაკავშირებულია ეს ყველაფერი. ყველას აღუძრეს საქმე ვინც არ ემორჩილება ამ მთავრობის ხუშტურებს“ - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

 

 

დღის ამბები