კრემლის პროპაგანდისტული იარაღი "უკვდავი პოლკი" საქართველოს საჯარო რეესტრმა არასამეწარმეო იურიდიულ პირად დაარეგისტრირა, რეესტრის მონაცემებით, მისი საფირმო სახელწოდებაა - "პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს უკვდავი პოლკი".
"გამარჯვება" - ასე შეაფასა რუსული პოლკის ქართულმა ფილიალმა საქართველოს საჯარო რეესტრში დარეგისტრირება და ამის შესახებ ინფორმაციაც სოციალურ ქსელში რუსულად გამოაქვეყნა.
პოლკის მთავარ საინფორმაციო ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის წარმოდგენილი, ამავე ვებგვერდზევეა განთავსებული მათი ქართული განაყოფის აქტივობები და კოორდინატორები.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად რუსული ორგანიზაციის ქართული ფილიალი ლეონიძის 2 ნომერშია განთავსებული. თუმცა ადგილზე მისულ "კურიერის" ჟურნალისტს განუცხადეს, რომ დოკუმენტში მითითებულ მისამართზე არსებული 666 კვ.მ. ფართი ცარიელია და დამქირავებელს ელოდება.
განთავსდება თუ არა უკვდავი პოლკის ოფისი 666-კვადრატულ მეტრზე, ბიზნესცენტრში ჯერ არ იციან, თუმცა ფაქტია, რომ კრემლის პროპაგანდისტული ორგანიზაცია საქართველოს საჯარო რეესტრმა სწორედ ამ მისამართზე დაარეგისტრირა.
ოპოზიცია ფაქტს გაუმართლებელს უწოდებს, პოლიტიკოსები საქართველოს ოკუპაციის ღიად მხარდამჭერი ორგანიზაციის რეგისტრაციიდან დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვენ.
"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ეს ორგანიზაცია პირდაპირაა აღიარებული რუსული პროპაგანდის პლატფორმად:
"რანაირად არის პატრიოტული ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად ბალტიის ქვეყნებში პირდაპირ არის აღიარებული, რუსული პროპაგანდის ერთერთ პლატფორმად"- აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
რუსული პროპაგანდისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ რაიმე ქმედითი პოლიტიკის გატარების იმედი არ აქვს სალომე სამადაშვილს, მისი თქმით, ხელისუფლება თავად აფინანსებს რუსული პროპაგანდის წყაროებს.
"ხელისუფლება რომელიც ბიუჯეტიდან ხშირად აფინანსებს რუსული პროპაგანდის წყაროებს, ჩვენ არ მოველით, რომ ექნება რაიმე ქმედითი პოლიტიკა, რომ შეაკავოს მსგავსი ორგანიზაციების ზეგავლენის გაზრდა საქართველოში."- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, პრეცედენტი, როცა ღიად, რუსულ ორგანიზაციას ხელისუფლება ქვეყანაში ოფიციალურად არეგისტრირებს, ეს ფაქტი წამახალისებელი პრეცედენტი იქნება სხვა პრორუსული ძალებისთვისაც. ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებენ ახალი კანონი ამოქმედდეს, რომელიც საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტული ორგანიზაციების საქმიანობას აკრძალავს.
"უკვდავი პოლკი"-ს რეგისტრაციაზე საუბარი არ სურს მმართველ გუნდს. უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, კითხვები მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა დაესვას:
"წარმოდგენა არ მაქვს, მარეგისტრირებელ ორგანოს კითხეთ, არ ვიცი რაზე მელაპარაკებით,"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით ორგანიზაციას რეგისტრაცია კანონის სრული დაცვით მიენიჭა.