დავით გარეჯში ვითარება ისევ უცვლელია. სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდული რჩება. ვითარებას ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებენ. საქართველოსა და აზერბაიჯანის ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, სასულიერო პირების გარდა ტერიტორიაზე არავის უშვებენ, რის გამოც საულიერო პირების ნაწილი მომლოცველების გარეშე ტაძრებამდე ასვლაზე უარს ამბობს.
სასულიერო პირებიდან, რომლებიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში საუბრობენ, მხოლოდ ერთმა მათგანმა გამოთქვა სურვილი მისულიყო აღდგომის ტაძრამდე. მამა პავლე დაახლოებით 5 საათია, რაც ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება სასულიერო პირების მეორე ნაწილს, ისინი "კურიერთან" საუბრისას ამბობენ, რომ გზა არ არის ბოლომდე გახსნილი და ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრებამდე მისვლის საშუალება არ ეძლევათ. ისინი ამბობენ იმასაც, რომ ტაძრების მოლოცვას მხოლოდ მრევლთან ერთად აპირებენ.
"არაფერი არ შეცვლილა ჯერჯერობით. ასვლა ჩვენთვისაც შესაძლებელია მხოლოდ აღდგომის ტაძრამდე ანუ იმ პერიმეტრზე, რომელსაც ჩვენი მესაზღვრეები აკონტროლებენ. მთავარი, ძირითადი ნაწილი რაც არის ის ისევ დაკეტილია. ახლა არის ასული ერთ-ერთი ჩვენი მამაო, მაგრამ ასვლამდე ვიცოდით უკვე, რომ იქ შესვლა შეუძლებელი იქნებოდა. ჩიჩხიტურშიც იგივე სიტუაციაა. სანამ მთლიანად არ გაიხსნება ეს მონასტერი, მანამდე ეს გახსნა არ არის," - აცხადებს მორჩილი ზაზა ტატუნაშვილი.
გიდი გიორგი ლიპარტელიანი საუბრობს, რომ აღნიშნული ვითარება ტურისტებში გაკვირვებას იწვევს. გიორგი ლიპარტელიანის თქმით, რთული ხდება მათ აუხსნა თუ რატომ არ გადიან ტურებს თავდაპირველად შედგენილი პროგრამით და რატომ უწევთ პროგრამაში ცვლილებების შეტანა.
"როცა ჩამოდიან აქ და უკვე ეს პრობლემა ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ გიდებს ეს ერთ-ერთი რთული პროცესი არის ასე ვთქვათ, როდესაც გიწევს იმის ახსნა თუ რატომ არ ხდება ეს ყველაფერი, რაც პროგრამაში ეწერათ და რატომ ვერ ნახულობენ მაგას, რაც მათ წიგნებში წერია. გიწევს პროგრამის შეცვლა, გიწევს გადასხვაფერება," - განაცხადა გიდმა გიორგი ლიპარტელიანმა.
ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის დავით გარეჯის სადავო მიწებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაახლოებით 6 თვეა მიმდინარეობს. ამ პერიოდში მოლაპარაკებების დაახლოებით 20-მდე რაუნდი გაიმართა, თუმცა აზერბაიჯანული მხარე პოზიციებს ამ დრომდე არ თმობდა. როდის მოახერხებენ სასულიერო პირები ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრებამდე მისვლას, ჯერჯერობით უცნობია. როდის მოახერხებენ მომლოცველები და ტურისტები სადავო ტერიტორიებზე გადაადგილებასა და ტაძრების მოლოცვას, ასევე უცნობი რჩება.