იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან სასამართლოს რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვაზე იყო კამათი.
საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ნინო ლომჯარია მოსამართლე გიორგი ტყავაძის უსაფუძვლოდ გაკრიტიკებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ სახალხო დამცველს მოსამართლე ტყავაძესთან პრობლემა სუბიექტური მიზეზების გამო აქვს.
"გვაქვს საქმე ფაქტების მიჩქმალვასთან და ფაქტების დამახინჯებასთან და მიზანმიმართულად, მოსამართლის დისკრედიტაციასთან. გიორგი ტყავაძეს განათლების შესაბამისი ხარისხი, მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი. განათლების სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა უღიარა უპრობლემოდ და ის დავა, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშში ახსენებს, შეეხება ადრე გამოცემულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში, ტექნიკური შეცდომის გამოსწორებას. ესვრიან ტალახს კეთილსინდისიერ მოხელეს, მოსამართლეს,"- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დიმიტრი გვრიტიშვილს, მსგავსი შინაარსის განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩია.
"მოსამართლე რომ ვიყო, მის ადგილზე თავს შევიკავებდი ასეთი ტიპის განცხადებებისგან. მაგალითად, მან კლანი უწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგალითად ის ფორმა, რომლითაც გააკრიტიკა სახალხო დამცველის ანგარიში, შეიძლება უნდა ყოფილიყო სხვაგვარი," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
დღესვე საბჭომ საერთო სასამართლოებში 37 მოსამართლე უვადოდ გაამწესა.