18 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" 20-21 ივნისის ღამეს დაშავებული ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" 20-21 ივნისის ღამეს დაშავებული ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. უფლებადამცველები გენერალურ პროკურატურას მოუწოდებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით წარიმართოს, რომელიც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

"მოგეხსენებათ, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება წარმოებაშია გენერალურ პროკურატურაში. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავს რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც 20 ივნისს ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდნენ. მათ ჰქონდათ ყველანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი იმისა, რომ იყვნენ მედიის წარმომადგენლები, მაგრამ მათზეც განხორციელდა ძალის გადამეტება და ისინიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი ამ აქციის დროს,"- განაცხადა უფლებადამცველმა ეკა გობეჯიშვილმა.

შეგახსენებთ, 20 ივნისს აქცია რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოში ვიზიტს მოჰყვა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა. საზოგადოების ნაწილი პარლამენტის წინ გამართული აქციით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვდა. დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის შენობის დაკავება სცადა, რასაც აქციის ძალადობრივად დაშლა მოჰყვა, რა დროსაც სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის დროს დაშავდა ათეულობით ადამიანი, ორმა დემონსტრანტმა თვალი დაკარგა. ოფიციალური ინფორმაციით, აქციაზე 38 ჟურნალისტიც დაშავდა.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიების პროცესში დაზარალებულად 67 სამართალდამცველი და  აქციის 4 მონაწილეა ცნობილი, რომელთა შორის არ არიან მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომლებმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგეს.

დღის ამბები