შეხვედრა სახალხო დამცველთან, სადაც 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე დაკავებულების ახლობლები იმყოფებოდნენ, თითქმის 3 საათს გაგრძელდა. შეხვედრის მონაწილეებმა ნინო ლომჯარიასთან განიხილეს ის უფლებები, რომლებიც ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პირებს აქვთ. თუმცა, მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ პროკურატურა დაზარალებულთა წრის გაფართოებაზე უარს ამბობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველს მთავარი რეკომენდაცია და რამდენიმე გეგმა აქვს. ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ პროკურატურამ უნდა გადახედოს მოთხოვნას დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი გეგმავს, შეისწავლოს დამატებითი გარემოებები ფიზიკურ დაზიანებებთან დაკავშირებით, რომელიც 20 ივნისის ღამეს დაკავებულებს ჰქონდათ.
"ბრალდებულებს შორის არიან ადამიანები, როლებიც თავადაც აცხადებენ, რომ დაექვემდებარნენ ძალადობას პოლიციის მხრიდან, დაკავების დროს თუ სხვადასხვა გარემოებებში. მათ შორის, გარკვეული შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე, რომელიც აქამდე არ გაჟღერებულა. მათ მიმართ ვისაც არ შეეცვალა პატიმრობა გირაოთი, ვფიქრობ, რომ პროკურატურამ უნდა გადახედოს მათი აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, იმიტომ, რომ მრჩება შთაბეჭდილება, რაღაც კონვეიერული სისტემით მოხდა მათი პატიმრობის შეფარდება,” - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საკუთარი ოჯახის დაზარალებულად ცნობას ითხოვს ერთ-ერთი დაკავებულის, ზურა ბუდაღაშვილის დედა. მაგული გობეჯიშვილი აცხადებს, რომ მისი მეორე შვილი, გიორგი ბუდაღაშვილი, გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.
"მინდა დაზარალებულად ცნონ ჩემი ოჯახი, რადგან ზურას მერე გიორგის შეექმნა პრობლემები, მუდმივი თვალთვალის ქვეშ ვართ, გიორგიც ბრალდებულია და გირაოთია განთავისუფლებული, ნარკოტიკი ჩაუდეს დაშინების მიზნით," - აცხადებს მაგული გობეჯიშვილი.
20 ივნისის ღამეს კიდევ ერთი დაკავებულის, ბესიკ თამლიანის დედა ამბობს, რომ მისი შვილი დამნაშავე არ არის.
"დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ჩემი შვილი არ არის დამნაშავე. ფარზე ხელის არტყმა თუ სისხლის სამართლის კოდექსით უნდა გასამართლდეს ეს არანაირ კანონმდებლობაში არ წერია. ამისთვის ერთხელ უკვე იყო გასამართლებული და იგივე ქმედებისთვის მეორედ უნდა გაასამართლონ, ეს არის უსამართლობა," - აცხადებს რუსუდან თამლიანი.