ჯანდაცვის სამინისტროში შეკრებილი დევნილები მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ბოლო შანსს აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, რა გადაწყდა დღეს კომისიის სხდომაზე და ვისზე გადანაწილდა ბინები. სამინისტროს ფოიეში შეკრებილები აქციის ყველა მონაწილის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
იძულებით გადაადგილებული პირები უკვე რამდენიმე კვირაა, ბინების გადაცემის მოთხოვნით აქციას მართავენ. დღეს ისინი სიების დადებას და ტიკარაძის გადადგომას მოითხოვდნენ.
აქციის და დევნილების მოთხოვნების პარალელურად სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით 686 ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაური გამოეხმაურა.
"განაწილებულ იქნა დღეის მდგომარეობით 686- ბინა, დარჩენილ 273 ბინაზე ჩვენი მონიტორინგის სამსახურის მიერ ვერ მოხდა მოცემულ მომენტში იმ მონაცემების დაფიქსირება, რაც ჰქონდათ აპლიკანტებს. შესაბამისად 273 ბინის განხილვა და განაწილება გადაიდო წლის ბოლოსთვის. მოცემული ეტაპისთვის იმ კრიტერიუმებიდან, რაც გვაქვს , დაკმაყოფილებული არის ორი ოჯახი, დანარჩენ შემთხვევაში მზად ვართ მათთან ინდივიდვალუარი გასაუბრებები ჩავატაროთ," - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.