ხელვაჩაურის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. საუბარია იმ ოჯახებზე, რომელთა სახლებთანაც სარფი-ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა გადის.
ადგილობრივებს კომპენსაციები და ტერიტორიიდან გასახლება სურთ. ამ მოთხოვნებით მათ აქცია გამართეს ბათუმში. როგორც შეკრებილებმა თქვეს, კომპენსაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაჰპირდა.
ადგილობრივების თქმით, ცხოვრება ამ ტერიტორიაზე შეუძლებელი გახდა. განსაკუთრებით გაუსაძლისი პირობებია ზამთარში, როდესაც წყალი დგება, მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის თქმით, "საგზაო დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მეტი ჩართულობა, რათა მოსახლეობის ინფორმირება მოხდეს თუ რა ბედი ეწევათ მათ."
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლებისა და გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი მიხეილ უჯმაჯურიძე აღნიშნავს, რომ სახლებს სპეციალური ნიშნულები აქვთ და თუ პრობლემა შეიქმნება, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩაერთვება საკითხის მოგვარებაში.
"ზედამხედველი კომპანია ყოველდღიურად აწარმოებს მონიტორინგს, სახლებზე ასევე განთავსებულია ნიშნულები და თუ რაიმე სახის ზემოქმედებას ექნება ადგილი, მაგალითად, ბზარები გაჩნდება და ნიშნულები გაფართოვდება, ასეთ შემთხვევაში ზედამხედველისგან მივიღებთ შესაბამის რეკომენდაციას და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩაერთვება აღნიშნული საკითხის მოგვარებაში," - განაცხადა მიხეილ უჯმაჯურიძემ.