დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში უდაბნოს მონასტრისა და ჩიჩხიტურის კარი ამ დრომდე არ გახსნილა. სასულიერო პირებმა დღეს მხოლოდ ერთ ტაძრამდე მისვლა მოახერხეს. დღის მეორე ნახევარში უდაბნოში საპატრიარქოს დელეგაცია ჩავიდა. სამღვდელოება ლავრაში რამდენიმე საათის განმავლობაში თათბირობდა.
მამა პავლე პირველი იყო, ვინც დღეს დილიდან აღდგომის ტაძრამდე მივიდა. ოფიციალური ბაქოს დაპირების მიუხედავად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მსახური სასულიერო პირებისთვის უდაბნოს ტაძრამდე მისასვლელი გზა კვლავ დაკეტილია. კითხვაზე, რატომ არ სრულდება პირობა, სასულიერო პირი არ პასუხობს. მან მედიის კითხვებს თავი მესაზღვრეების დახმარებით აარიდა.
მამა პავლესგან განსხვავებით, იმაზე, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის მიღწეული შეთანხმება არ სრულდება, ღიად საუბრობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მორჩილი ზაზა ტატუნაშვილი. მისი თქმით, მომლოცველების გარეშე ტაძრებში შესვლას სამღვდელოება არ აპირებს.
ჩიჩხიტურის კოშკისა და უდაბნოს ტაძრის დათვალიერების რიგში ქართველი გიდების მიერ მოყვანილი ტურისტები დღეს დილიდან იდგნენ. მათი უმრავლესობა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში იმ პირობით ჩავიდა, რომ მის სრულად დათვალიერებას შეძლებდა. დღეს გიდებს ტურისტებისთვის ბოდიშის მოხდა არაერთხელ მოუწიათ.
ტურისტებისა და გიდების გადაადგილებას ჯერ კიდევ შეუთანხმებელ სასაზღვრო მონაკვეთში დღეს ქართველი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ. ბრძანება, ტურისტები უდაბნოს მონასტრისკენ ან ჩიჩხიტურის კოშკისკენ გაატარონ, მათ დღეს არ მიუღიათ.
ამ დრომდე უცნობია, როდის შეძლებენ სასულიერო პირები და ტურისტები სადავო ტერიტორიაზე გადასვლას და იქ არსებული სიწმინდეების მოლოცვას.