18 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი პროკურატურისგან 20 ივნისის ღამეს დაზარალებულთა სიის გაფართოებას ითხოვს

არასამთავრობო სექტორი პროკურატურისგან 20 ივნისის ღამეს დაზარალებულთა სიის გაფართოებას ითხოვს.


აქციის 4 მონაწილისა და 67 სამართალდამცველის გარდა, ჯერჯერობით დაზარალებულად ისევ არავინაა ცნობილი. სახალხო დამცველის ოფისში დღეს ეს საკითხი განიხილეს, დღესვე საიამ სარჩელით სასამართლოს მიმართა და 16 პირზე დაზარალებულად ცნობისთვის შესაბამისი მტკიცებულება წარადგინა, მათ შორის 8 ჟურნალისტია.

გელა ბოჩიკაშვილი ერთ-ერთი ჟურნალისტია მათ შორის, ვისაც 20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვიები მოხვდა. დაშავებული კოლეგების მსგავსად, ისიც დაზარალებულის სტატუსს ელოდება. იურისტები "კურიერთან" ამბობენ, რომ ამ შემთხვევებში ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე შეაგროვეს. მტკიცებულებების მოძიება გრძელდება და მოსარჩელეთა სიას კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი დაემატება.

პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების დამცველებიც. მათ ამჯერად დახმარება სახალხო დამცველს სთხოვეს. ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარია აცხადებდა, რომ დაკავებულთა დაზიანების ფაქტებზე ახალი ინფორმაციაც მოისმინა.

4 აქტივისტი და 67 პოლიციელი - ასეთია ბალანსი მათ შორის, ვინც ამ დროისთვის 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულად ოფიციალურად არის ცნობილი. არასამთავრობო სექტორის ბრალდებების საპასუხოდ პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიება კონკრეტული ფაქტების შესწავლას და შეფასებას განაგრძობს.

დღის ამბები