სტრასბურგში კოლეგების წინააღმდეგ შესატანი სარჩელი, "ფილიპ მორისის" საქმე და თამბაქოს კომპანიის ხმაურიანი სარჩელი - პარლამენტის წევრების შეკითხვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი 8 საათის განმავლობაში პასუხობდა.
დღეს პარლამენტში მოსმენის დროს გაირკვა, რომ ვლადიმერ კაკაბაძე ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანას იმ სასამართლოს წინააღმდეგ აპირებს, რომლის მოსამართლეობაც თავად სურს. ფადი ასლის გამონათქვამები კაკაბაძემ ცილისწამებად მიიღო და სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საბოლოო განაჩენით კი ბიზნესმენს მორალური ზიანის ანაზღაურება არ დაეკისრა.
შინაარსის მიუხედავად, ფაქტია, რომ სარჩელის მოპასუხე ოფიციალურად საქართველოს სახელმწიფო იქნება. ვიდრე ევროპელი მოსამართლეები ქართველი კოლეგის საქმეზე მსჯელობას დაიწყებენ, თინა ბოკუჩავა დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა ეს პრეცედენტი, რომელიც ცილისწამების სტრასბურგში გასაჩივრებას გულისხმობს, პოლიტიკოსებზეც გავრცელდეს.
კონკრეტული საქმე, რომლის გამოც ვლადიმერ კაკაბაძეს ბრალდებები დღეს პარლამენტშიც კიდევ ერთხელ წაუყენეს, "ფილიპ მორისის" წინააღმდეგ მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხებოდა.
ვლადიმერ კაკაბაძე თამბაქოს კომპანიის ხმაურიანი საქმის მიკერძოებულად განხილვაში დღეს არაერთხელ დაადანაშაულეს.
ვლადიმერ კაკაბაძე მეათე კანდიდატია, რომელსაც პარლამენტში უსმენენ. ამ დროისთვის კაკაბაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.