ხმაური და მწვავე დაპირისპირება ჯანდაცვის სამინისტროსთან - ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ იძულებით გადაადგილებული პირების სია, რომელთაც ბინები საკუთრებაში გადაეცათ. საუბარია 259 ადამიანზე. ამ სიის გამოქვეყნების შემდეგ დევნილები სამინისტროს შენობაში შეიჭრნენ და ახსნა-განმარტებების მიღება ხელმძღვანელი პირებისგან მოითხოვეს, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით გადანაწილდა ბინები. სწორედ ამ დროს მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, ხოლო კიდევ ერთმა მონაწილემ თვითდაზიანებების მიყენება სცადა.
"მე ვდგავარ ის ადამიანი, რომელსაც ეკუთვნოდა ბინა. ჩამობრძანდი და გამეცი პასუხი, რატომ არ მაქვს მე ბინა. სიები რომ დაიდო, რატომ არ ვარ სიებში, ან ეს ხალხი, ან ეს ქულები რა საჭიროა, ჩვენ ყველას გვეკუთვნის,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მოგვიანებით, პოლიციამ დევნილები შენობის გარეთ გაიყვანა და დაპირისპირება სამინისტროს ეზოში გაგრძელდა. ადგილზე მივიდა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია, რომელმაც სამართალდამცველებს შენობაში შესვლა სთხოვა, რა დროსაც მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ამის შემდეგ პოლიციამ ბესო შენგელია ტერიტორიიდან გაიყვანა. ის ამ დროისთვის დიდუბის რაიონის განყოფილებაშია გადაყვანილი და მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.
"ხელისუფლება არ არის ხალხის გვერდზე... მე უნდა შევიდე მინისტრთან. დაიჭირეთ, ბიჭო, მინისტრი და გახარია, გაიგეთ, გახარია დაიჭირეთ,“ - განაცხადა დაპირისპირების დროს ბესო შენგელიამ.
გარდა ამისა, დევნილებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
ავტორი: ელიტა ანდღულაძე