ხმაურიანი ღამის შემდეგ, დევნილების პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში და გარე პერიმეტრზე ისევ გრძელდება. ნაწილი ღია ცის ქვეშ, კარვებში ცხოვრობს. დანარჩენები კი კვლავ უწყების მისაღებში რჩებიან. 26 დღეა, რაც აფხაზეთიდან დევნილები აქციას მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას უშედეგოდ ითხოვენ. პროტესტის მონაწილეები კორუფციაში ადანაშაულებენ იმ სპეციალურ კომისიას, რომელიც საცხოვრებელი ფართების გადანაწილებაზეა პასუხისმგებელი.
დევნილები საცხოვრებლით უზრუნველყოფას და იმ კრიტერიუმების გარკვევას ითხოვენ, რომლის გამოც ისინი სიაში ვერ მოხვდნენ. დევნილები პასუხს პირადად მინისტრისგან მოითხოვენ, ზოგიერთი მათგანი კი მოითხოვს, რომ ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვოს.
"ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია, რომელიც გუშინდელი პროტესტის დროს პოლიციამ დააკავა, დღეს ისევ აქციას შეუერთდა:
"თურმე საფრთხეს წარმოვადგენდი და განმარიდეს, შეავსეს განრიდების ოქმი, რომელზეც რა თქმა უნდა ხელი არ მოვაწერე, ხუთი საათი ადამიანის თავისუფლების აღკვეთა თუ განრიდებაა, ამას საპატრულო პოლიცია სასამართლოში გასცემს პასუხს, მე ვაპირებ რომ გავასაჩივრო. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს, ვერც დაჭერით, ვერც განრიდებით და სხვადასხვა ფრაზების მოფიქრებით, ამ პროტესტს და ამ ბრძოლას ვერავინ შეაჩერებს," -განაცხადა შენგელიამ.
ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ ვერ მიიღო ბინები დევნილთა ნაწილმა. სამინისტროს ინფორმაციით, პრიორიტეტი და რიგითობა ქულათა სისტემამ განსაზღვრა. რაც შეეხება მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნას, ტიკარაძის მოადგილის განმარტებით ბინების გადაცემის პროცესი მინისტრის კომპეტენციაა არ არის.