გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სანიტარულ ჭრებს, დაბა წაღვერის მიმდებარედ, 60 ჰა ფართობზე ახორციელებს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და სანიტარული ჭრების მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომლის დანიშნულება დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღებაა.
მისი თქმით, ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელი დაავადებების გავრცელებას.
"ძირითადად გამოგვაქვს მავნებლით დაავადებული ხეები, სააგენტო რა თქმა უნდა, პრევენციულ ღონისძიებებსაც ახორციელებს ქერქიჭამიის მიმართ, თუმცა ამ ეტაპზე სანიტარული ჭრები გარდაუავალია. უახლოეს მომავალში ეროვნული სატყეო სააგენტო მოვლა-აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს,“ - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა.
სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამია (Ips typographus), რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი.
სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26000 ჰა ფართობზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2011 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა. მიღებული დასკვნების საფუძველზე დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები. 2013 წლიდან მთელ ტერიტორიაზე ხდება ფერომონიანი მწერმჭერების განთავსდა, მუდმივად ტარდება მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2020 წელსაც.