ვინ დაუკვეთა დავით მუმლაძის მკვლელობა - დანაშაულში, რომელშიც კრიმინალური სამყაროს წევრების გარდა მოქმედი პოლიციელები ფიგურირებენ, კიდევ ერთი ბიზნესმენის კავშირიც იკვეთება. აღნიშნულ ინფორმაციას სასტიკად მოკლულის იმ მეგობრის ოჯახი ავრცელებს, რომელმაც ოფიციალური ვერსიით, 35 წლის მუმლაძე წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით დამნაშავეებს გადასცა.
ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი გეთაშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დავით მუმლაძის მკვლელობის საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს.
როგორც უფლებადამცველი "კურიერთან" განმარტავს, თავდაპირველი ვერსია, რომლის მიხედვითაც დავით მუმლაძე მოკლეს ესპანეთში მყოფი ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლების დაკვეთით, არ შეესაბამება სიმართლეს.
მისივე თქმით, დავით მუმლაძის მკვლელობა ერთ-ერთმა გავლენიანმა ბიზნესმენმა შეუკვეთა.
"დანაშაულის მოტივი უკავშირდება საქართველოში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა გარდაცვლილთან. ფიზიკური შეხებაც კი ჰქონდა გარდაცვლილს მასთან და შურისძიების მიზნით, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ჩაიდინა ეს შემზარავი დანაშაული და დაუკვეთა მუმლაძის ლიკვიდაცია. ეს ბიზნესმენი ძალიან გავლენიანია. შესაძლებელია მას ჰყავდეს კონკრეტული ადამიანები, მეგობართა წრე ძალოვან სტრუქტურებში, რომელსაც არ სურს, რომ რაიმე ფორმით კვალი გავიდეს მასთან," - აღნიშნა ადვოკატმა.
გარდა ამისა, გამოძიების მტკიცებით, სწორედ გეთაშვილი იყო პირი, რომელმაც დავით მუმლაძე მოტყუებით სახლიდან გამოიყვანა.