18 ნოემბერი 2024,   04:17
ვრცლად
"უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი" - ილია მეორემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მცხეთაში საზეიმო ლიტურგია აღავლინა და შეკრებილ მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, სვეტიცხოვლობა უდიდესი დღესასწაულია.

"სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა. მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ხალხს, მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად," - განაცხადა უწმინდესმა.

გარდა ამისა, პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას პიროვნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით? ჩვენ ვიქნებოდით რიგითი ადამიანები. ღმერთმა წყალობა და ეს წყალობა უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი," - განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქის თქმით, მისასალმებელია, რომ წირვას ხელისუფლების წარმომადგენელები ესწრებიან.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრი ესწრება წირვას, თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის პრეზიდენტი. ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ, ჩვენთან არს ღმერთი,“- აღნიშნა ილია მეორემ.

დღის ამბები